×
anabechdi

ჩვენ შესახებ

ანაბეჭდი

 

მოგეხსენებათ, ანაბეჭდი უნიკალურია.

კომპანიის უნიკალურობაზე მის მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხი, მომხმარებლების მრავალფეროვნება და კმაყოფილება მეტყველებს. რასაც მაღალკვალიფიციური და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კადრების სიმრავლე განაპირობებს. კომპანიის ფუნქციონირების მეთოდები დამყარებულია გუნდური მუშაობის პრინციპებზე. დევიზს: ,,ჩვენ ვქმნით საუკეთესოს“ საფუძველი მისი დაარსებისთანავე - 2013 წელს, სწორედ ამავე მოტივით ჩაეყარა.

ჩვენთვის ყოველი განსხვავებული მოდელი - კიდევ ერთ დანადგარს, ახალი მომხმარებელი - სტიმულს, წარმატება - მოტივაციას, პრობლემა - ახალ გამოწვევას, შეცდომა - გამოცდილებას, სირთულე კი, აზარტს გულისხმობს.

კომპანია B2B მიმართულებით აწარმოებს სხვადასხვა დანიშნულების უნიფორმებს, სპეცტანსაცმელს და ბრენდულ სამოსს, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბაზრისთვის. ასევე, კომპანია იღებს ინდივიდუალურ დაკვეთებს. ქვეყნის მასშტაბით ანაბეჭდი მომსახურებას უწევს 2000-მდე იურიდიულ პირს. მათ შორის არიან: სამთავრობო უწყებები, მაღაზიათა ქსელები, საკონდიტრო საწარმოები,  სადისტრიბუციო კომპანიები, ბენზინგასამართი სადგურის ქსელები, სამშენებლო სექტორი, სამედიცინო დაწესებულებები, სარეკლამო კომპანიები, ჰიგიენური მომსახურების სააგენტოები, სპორტული დაწესებულებები და ფედერაციები, ბანკები, რესტორნები, მომსახურების სააგენტოები და სხვა.

კომპანიის კონცეფციის პრინციპებს, გარდა კერვისა, წარმოადგენს ტექსტილთან დაკავშირებული თითქმის ყველა სახის საქმიანობა. იგი მრავალწლიანი პრაქტიკის შედეგად მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით აერთიანებს ამ სფეროში არსებული მოთხოვნილებების სრულყოფის საშუალებების უწყვეტ ჯაჭვს. კერძოდ, კერვის გარდა, კომპანიას აქვს ისეთი სახის მომსახურება, როგორიცაა, ქარგვა, ბეჭდვა სხვადასხვა მეთოდითა და ეკომეგობრული მასალით. ასევე, აქსესუარების დამზადება (შარფები; დროშები; ბრენდირებული ლენტები; წელის, სამედიცინო და კოსმეტიკის ჩანთები; ავეჯის აქსესუარები და სხვ.) დიზაინის ადგილზე შემუშავებისა და ქსოვილების მრავალფეროვანი არჩევანის შეთავაზების საშუალებით.
 

წარმოებული პროდუქტის დანიშნულება ბიზნეს სექტორის უნიფორმებით აღჭურვაა. გარდა ვიზუალური და ესთეტიური კომპონენტებისა, აღნიშნული სერვისი ბიზნეს სექტორს მარკეტინგული ღონისძიებების განხორციელებაშიც ეხმარება, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლები საკუთარი იმიჯისა და ცნობადობის დონის ზრდას ახერხებენ. გარდა ამისა, უნიფორმებისა და სპეც-ტანსაცმლის შეძენა მომხმარებელს კონკრეტული სტნდარტების დაცვისა და უსაფრთხოების ნორმებისა თუ რეკომენდაციების გათვალისწინებაში უწყობს ხელს. რაც შეეხება უცხოელი დამკვეთების მიერ განთავსებულ შეკვეთებს, მათი მიზანი კომერციული საქმიანობა და ფინანსური სარგებლის მიღებაა, რომელიც დამოკიდებულია ჩვენს მიერ გაწეული მომსახურების ხარისხზე.

 

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ანაბეჭდი არის ასევე ქსოვილების იმპორტიორი და ტექსტილის რეალიზებით ცდილობს ადგილობრივ ბაზარზე არსებული ნაკლებხარისხიანი ქსოვილის ჩანაცვლებით სხვა მომსახურე კომპანიებსაც მისცეს საშუალება დაბალ ფასად მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებისა. რითაც კომპანია ხელს უწყობს სექტორის განვითარებას. ნედლეულის იმპორტს კომპანია ახდენს თურქეთიდან, სადაც შერჩეულია რამდენიმე წამყვანი კომპანია ხარისხის სტანდარტებისა და სხვა მოთხოვნების მიხედვით.

თბილისში არსებული 150 ადამიანზე გათვლილი საწარმო სრულადაა აღჭურვილი იმისთვის, რომ მიიღოს დიდი მოცულობის შეკვეთა სტაბილური და ხარისხიანი მომსახურების გარანტიით. ამის შესაძლებლობას გარდა გულისხმიერი, მაღალკვალიფიციური და საკუთარ საქმეზე შეყვარებული თანამშრომლებისა, იძლევა აღნიშნულ სექტორში მსოფლიო დონის ინოვაციური დანადგარების მწარმოებელი ბრენდების: JUKI; MONTI ANTONIO; MIMAKI; TAJIMA მოდელები, რომლებიც წარმოდგენილია ანაბეჭდის წარმოებაში. ასევე, აღსანიშნავია იმ სახეობის სპეციალური მანქანა-დანადგარები, რომლებიც რთული ოპერაციის შესრულებას მარტივად, ნაკლები ძალისხმევის შედეგად, ბევრად მცირე დროში, სტაბილურად ხარისხიანად ახდენს.

 

აწარმოე
ინოვაციურ განვითარებაზე ორიენტირებით,კომპანიამ 2019 წელს ისარგებლა „აწარმოე საქართველოს“ ინდუსტრიული კომპონენტის პროექტის ფარგლებში 600 000 ლარის მოცულობით სესხის პროცენტის სუფსიდირებით. შედეგად, კომპანია აღიჭურვა უახლესი ტექნოლოგიით, რამაც მცირე დროში დიდი რაოდენობით მაღალი ხარისხის პროდუქტის წარმოებასა და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას შეუწყო ხელი. აღნიშნულმა, ასახვა მომხმარებლების რაოდენობაშიც მალევე ჰპოვა.

2019-2020 წლები კომპანიის ისტორიაში განვითარების გარდამავალ პერიოდად მოიაზრება. სწორედ „აწარმოე საქართველოს“ დახმარებით - მაღალტექნოლოგიური მომსახურებისა და ხარისხის ევროპული სტანდარტების დანერგვის ხარჯზე. აღნიშნულ მონაკვეთში მოხდა უცხოელი დამკვეთების, საერთაშორისო ბრენდების მოზიდვა, რომელთან გაფორმებული მრავალწლიანი მომსახურების ხელშეკრულებების ხარჯზეც კომპანია კვლავ დადგა გაფართოების საჭიროების წინაშე.

მომდევნო წლებში კომპანია ნაბიჯებს პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით დგამს და სწორედ ამიტომ - უცხოელი დამკვეთებისთვის კონკურენტული ფასის მიწოდებისა და მუშახელის საკითხში რისკების არიდების მიზნით (მათი სათანადო რაოდენობით მოძიება/გადამზადება) გადაწყვიტა ახალი ფაბრიკის დაარსება სამტრედიაში - ინდუსტრიულ და ფეიქართა ქალაქში. პროექტის ფარგლებში თავდაპირველად 300-მდე, ხოლო, საბოლოოდ, 1000 ახალი კადრის დასაქმებაა გადაწყვეტილი. ობიექტის გასნის თარიღი 2022 წლის მაისია.

პროექტის განსახორციელებლად კომპანიამ კვლავ ისარგებლა „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით, სადაც სააგენტომ 5 000 000 ლარის ოდენობის სესხის პროცენტის სრული პერიოდით სუფსიდირების გარდა მოახდინა უძრავი ქონების უზრუნველყოფით ანაბეჭდის მხარდაჭერა და ეს ყველაფერი არაა - აღნიშნული კომპონენტი ასევე გულისხმობს მიზნობრიობის ფარგლებში გახარჯული თანხის 500 000 ლარის ოდენობით უკან, კომპანიის ანგარიშზე დაბრუნებას. აღნიშნული მხარდაჭერა მეტად მნიშვნელოვანია ბიზნესის მსგავს მასშტაბებზე გადასვლის ეტაპზე, რაც სააგენტოს მხრიდან ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვის ნათელი გამოხატულებაა.

გარდა ამისა, კომპანიაში 2021 წელს დანერგილი სტანდარტებისა და გამართული მენეჯმენტის სტრუქტურით, ანაბეჭდი ხარისხის ნიშნის - ISO 9001 სერთიფიკატით აღიჭურვა, სადაც უნდა გამოვყოთ „აწარმოე საქართველოს“ როლი და მონაწილეობა გაწეული ხარჯების თანადაფინანსებაში. აღნიშნული სერთიფიკატი კომპანიას დაეხმარა და კვალავაც ეხმარება ახალი, საერთაშორისო დამკვეთების მოძიებასა და თვითდამკვიდრებაში საერთაშორისო ბაზარზე.

უცხოელ დამკვეთებთან თანამშრომლობისას კომპანიის მარკეტინგულ მეთოდებს მოკლე ვადაში დიდი რაოდენობით, მაღალი ხარისხის პროდუქტის მიწოდება წარმოადგენს, რაც Word of Mouth კონცეფციით კომპანიის იმიჯის პოპულარიზაციას უზრუნველყოფს. ამჟამად გაფართოებაზეა დამოკიდებული ბაზრის ათვისების მასშტაბები და მოცულობა.
 

რისკები

ბაზრის კვლევის ნაწილში გაირკვა, რომ საქართველოში არსებული საწარმოების უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებენ მოთხოვნას, როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის, ასევე საერთაშორისო დამკვეთებისთვის, რომელთაც, გარდა რაოდენობის მოთხოვნისა, პრობლემები ექმნებათ ხარისხის კომპონენტში და სტანდარტების არაევროპულ მახასიათებლებზე, რაც ძველი მეთოდებითა და არათანამედროვე დანადგარებით მუშაობაში გამოიხატება. ეს პრობლემები ბევრი ფაქტორითაა განპირობებული, რომელთაგან უნდა გამოვყოთ არაპროფესიონალი მუშახელი/პროფესიონალი კადრების ნაკლებობა. ამისთვის კი, მწარმოებლებს დიდი რესურსის გამოყოფა სჭირდებათ, რაც, რიგ შემთხვევაში საკმაოდ დიდ ფინანსურ დანახარჯებს საჭიროებს. კაპიტალის ნაკლებობის გამო კი, ვერ ახერხებენ განვითარებას.

ჩვენს საქმიანობაში მთავარ რისკს ისეთი გარემოება წარმოადგენს, რაც წინასწარ არაა განსაზღვრული, ამ შემთხვევაში პანდემიის მდგომარეობა იგულისხმება. საერთაშორისო ბაზრის ჩაკეტვა ხელს შეუშლის წარმოების პროცესს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, პანდემიის მიუხედავად, ის დამკვეთები, რომლებიც თანამშრომლობენ ჩვენთან, მაინც ახერხებდნენ ფუნქციონირებას და რეალიზების ნაწილში შეფერხების მიუხედავად არ წყვეტდნენ შეკვეთების განთავსებას.

 

მომავალი გეგმები

მომავალ გამოწვევებს ანაბეჭდი შემართებით, იმედითა და შეძენილი გამოცდილებით საკუთარ გუნდთან ერთად, ახალი ინოვაციური გეგმებით აღჭურვილი ელოდება და ფიქრობს, რომ საკუთარი მზაობით, სხვადასხვა უწყებებთან და საკუთარ კოლეგებთან კონსოლიდირების შედეგად, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართული ტექსტილის სექტორის წარმოების განვითარებაში ეკონომიკური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად.

ახალი პროექტის განხორციელების შემდეგ, კომპანია გეგმავს საქართველოში არარსებული სექტორის ჩამოყალიბებას - ქსოვილების წარმოებას, რაც კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნას და მწარმოებლებზე დაბალ ფასში ქსოვილის შეთავაზების შესაძლებლობას მოკლე დროში იძლევა.

 

რჩევა

საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ქართველ მეწარმეებს ვურჩევ არ შეუშინდნენ გამოწვევებს და თამამად აკეთონ ქართული საქმე, რომლის წახალისებისა და მხარდაჭერის საიმედო გარანტი „აწარმოე საქართველო“ და „ბიზნეს უნივერსალია“.

ბიზნესის გაფართოების სხვადასხვა ეტაპზე მყოფ პირებს ვურჩევ არ დაკარგონ დრო და მიმართონ სააგენტოს, რომელიც აღჭურვილია თქვენს საჭიროებებზე მორგებული მრავალი ინსტრუმენტითა და კომპონენტით.

ქართული საქმის კეთება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, საერთაშორისო ბაზარზე თავის დამკვიდრება და საკუთარი ქვეყნის პოპულარიზება - ეს იმ მორალურ ფასეულობათა ერთობაა, რომელიც ბიზნესში გამბედაობის საფასურია.

© Supported By GRIFFIN. All Rights Reserved.

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ბრენდი “ანაბეჭდი“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.